logo
ENG



PHR: მივმართეთ სასამართლოს, გამოიცეს განჩინება და ბავშვები დღესვე გამოვიდნენ პანსიონიდან

04 ივნ 202115:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/04/1rx7690wrs2hqoi.png

არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, დაუყოვნებლივ გამოიცეს განჩინება და ნინოწმინდის პანსიონიდან დაიწყო ბავშვების გამოყვანის პროცესი.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა აბაშიძის თქმით, საუბარია ბავშვების უსაფრთხოებაზე და, შესაბამისად, პროცესის დროში გაწელვა შეიძლება ცუდად დასრულდეს.

„ჩვენმა შეშვებამ, რაზეც ამ სასამართლომ სამარცხვინოდ უარი გვითხრა, გადაინაცვლა მეორე პლანზე. ახლა საკითხი ეხება, ბავშვები დაგვხვდებიან თუ არა ჯანმრთელები და ცოცხლები, იქ რომ შევალთ. პირველი და მთავარი მოთხოვნა მოსამართლისთვის იქნება, დღესვე გამოსცეს განჩინება, რითაც დაავალებს სახელმწიფოს, დღესვე დაუყოვნებლივ ყველა ბავშვი გამოვიდეს პანსიონატიდან. ეს რომ არ დაადასტუროს მოსამართლემ, შეგვიძლია ეს შენობა გადავღებოთ და დავაწეროთ რამე, მაგალითად, ქარხანა. ამის გაფიქრებაც კი არ მინდა", - ამბობს ანა აბაშიძე.

საქმეზე მომუშავე კიდევ ერთი იურისტი ანა არგანაშვილიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსამართლემ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის შესახებ.

„სასამართლოს აქვს 3 დღიანი ვადა უზრუნველყოფაზე განჩინების მისაღებად მაგრამ, ბავშვების ინტერესის უპირატესობის გამო, დღესვე უნდა მიიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყვანოს ბავშვები ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან. ამას ნიშნავს ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინება და არა ფერად კონფერენციებზე და მიღებებზე დასწრებას", - წერს ანა არგანაშვილი.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება გუშინ, 3 ივნისს დაიწყო. ამავდროულად, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, მიმდინარეობს. 

ასევე გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც. 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის ოთხ (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.

 

 

 

 


close დახურვა