logo
ENG



PHR: სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია

01 ივნ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/01/78qo1kvwl8mxf6v.jpg

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია. ბავშვთან დაცვის საერთაშორისო დღეს გავრცელებულ განცხადებაში PHR აღნიშნავს, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზება ბავშვთა უფლებების არსებითად გაძლიერების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი და მდგრადი მოგვარებისთვის.

PHR საუბრობს იმ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ქვეყანაში რჩება ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში.

"ბოლო წელს, წინა რამდენიმე წლის მსგავსად, მკვეთრად გაუარესდა მთავრობის თანამშრომლობა ბავშვთა უფლების დამცველ ორგანიზაციებთან. ამ ორგანიზაციების მოსაზრებები ფაქტობრივად აღარ აისახება სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში, გართულებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და ბავშვთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიღებაც", - აღნიშნავენ PHR-ში.

ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით საგანგაშო იყო "რუსული კანონის" ინიცირება და მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში, რაც, მათ შორის, საფრთხეს სწორედ ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უქმნიდა და პირდაპირ აზიანებდა ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს.

"როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, 2022 წლის ანგარიშში მიუთითებს, გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი "საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო" შეუჩერდათ, რაც, მეტი ალბათობით, მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გამო, ქვეყნის დატოვებასთან არის კავშირში.

განცხადებაში მოყვანილია სხვადასხვა კვლევა, რომელშიც ბავშვთა მდგომარეობაზეა საუბარი:

  • ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა მომატებულია. ამის პარალელურად კვლავ პრობლემად რჩება ეფექტური გამოძიების ჩატარება, რაც ხშირად მოძალადეთა არაადეკვატურ დასჯას და/ან დაუსჯელობას იწვევს. დღემდე არასრულყოფილია ბავშვთა სფეროში ჩართული პროფესიონალების რაოდენობა, მათი გადამზადება ბავშვთა უფლებების საკითხებზე. არასაკმარისია რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სერვისები, რაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ.
  • განსაკუთრებით რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. როგორც 2023 წლის გაეროს შშმ პირთა კომიტეტი აღნიშნავს: შშმ ბავშვების არსებული შეფასების მოდელი კვლავ სამედიცინო მიდგომას ეყრდნობა და ბავშვებს ართმევს შესაძლებლობას მიიღონ წვდომა ადეკვატურ სერვისებზე; ქვეყანაში გვყავს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები: სიღარიბეში მყოფი შშმ ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ ბავშვები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთათვისაც სახელმწიფო პროგრამები არასაკმარისია; ხოლო არსებული ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამები, არ არის მორგებული შშმ ბავშვებზე, რაც კიდევ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ამ ბავშვებს მათი უფლებების დაცვის პროცესში.
  • საქართველოში კვლავ არსებობს ე.წ. ბავშვთა სახლები, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უსაფრთხო და ჰარმონიული ცხოვრების, მათი განვითარების ფუნდამენტურ უფლებებს. სახელმწიფო კვლავ არაეფექტურად მუშაობს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერის მიმართულებით.
  • განსაკუთრებულად მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა უფასო სასკოლო კვების არარსებობა. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, ბავშვების მხოლოდ მეოთხედი (27%) იკვებება სასკოლო საათებში, ხოლო დანარჩენი ბავშვები ან საერთოდ არ იკვებებიან სკოლაში (35%), ან - არარეგულარულად. აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ მათ განათლებას და განვითარებას უქმნის საფრთხეს.
  • იგივე კვლევა მიუთითებს, რომ სკოლამდელი აღზრდა (ბაღები) მიუწვდომელია ბავშვებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, წამყვანი მიზეზი არის ის რომ საცხოვრებელი სახლის ახლომახლო არ არის ბაღი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით იჩაგრებიან ბავშვები, რომელებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ.

close დახურვა