logo
ENG



PHR: ქალი ფსიქიატრიულში უკანონოდ მოათავსეს, კლინიკას 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა

06 აპრ 202117:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/06/u2jl9izpj0fttv0.jpg

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ სასამართლოში მორიგი საქმე მოიგეს - საქმე ეხება ქალს, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონოდ მოათავსეს. 

კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

უფრო კონკრეტულად: 

PHR-ს ი.მ.-მ უთხრა, რომ 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო.  

სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა, რა გაეკეთებინა და ნებით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ, რამდენიმე დღის წინანდელი ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. 

საბოლოოდ, კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს.

ამ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა:

ორგანიზაცია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ არ გადამოწმებულა ფაქტები: იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. 

PHR აღნიშნავს, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში.

ორგანიზაციის ცნობით, სწორედ ამ ფაქტების გაუთვალისწინებლობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი - მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და შპს "N5 კლინიკური საავადმყოფოს" დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო.


close დახურვა