პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე დააკავეს და საქმის ფარგლებში, მისი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.
კერძოდ, პროკურატურის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული თანხა, ჯამში - 1 319 300 დოლარი.
ასევე, ყოფილი მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან ამოღებულია 2 904 900 დოლარი.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკების შედეგად სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოიღეს.
"აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში.
აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.
შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში", - აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის თანახმად, ამ ქმედებით კობა ხუნდაძემ 2017-2025 წლებში მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
კობა ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სუს-თან თანამშრომლობით "ინტენსიურად აგრძელებენ გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით".
