logo
ENG



POG: ემიგრანტების Facebook-ზე ​შეღწევის და თანხების დაუფლებისთვის 6 პირს ბრალდება წარედგინა

21 ივლ 202119:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/21/290ut77yqfnu24z.jpg

პროკურატურამ ქართველი ემიგრანტების Facebook გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულები თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.  

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებეულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების "ფეისბუქ" გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინოს და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს, რომელთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს.

აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის "ფეისბუქ" გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეექვსე ბრალდებულს, პროკურატურის ცნობით, ის სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად და დაზარალებულ პირთა დასადგენად", - აცხადებენ უწყებაში.


close დახურვა