logo
ENG



POG: 15 წლის გოგო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

14 ივნ 202316:43
3 წუთის საკითხავი
 
POG: 15 წლის გოგო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 15 წლის მოზრდი, რომელიც 11 ივნისს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

მომხდარზე თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 16 წლამდე მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სექსუალურ კავშირს, ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.

"საქართველოს პროკურატურამ, 16 წლის ასაკს მუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და  თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- ნათქვამია განცხადებაში.

თუ გაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და/ან ეკონომიკური ძალადობის, დისკრიმინაციის, შევიწროების ან სხვა სახის ჩაგვრის გამოცდილება, დახმარებისთვის დაუკავშირდი ორგანიზაცია "საფარს", ცხელი ხაზი - 599 407 603; 0322 307 603; ან ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს", ცხელი ხაზი - 577 54 16 55

 


close დახურვა