logo
ENG



POG: 20 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლს სცემა, მისი ოჯახის 5 წევრი კი დაჭრა

02 სექ 202211:12
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისი ოჯახის 5 წევრი დაჭრა.

უწყების ცნობით, კაცმა ცოლის მშობლებს, დას, ძმის ცოლსა და ძმის მცირეწლოვან შვილს დაზიანებები დანით მიაყენა.

მას თავისუფლების აღკვეთა 20 წლით მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

"ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა