logo
ENG



POG: დავაკავეთ რესპუბლიკურის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ყოფილი თანამშრომელი და ინდ.მეწარმე

07 ივლ 202312:22
3 წუთის საკითხავი
 

გენერალურმა პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებას საფუძვლად ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში დაედო.

"გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ფინანსურმა დირექტორმა, საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები შეედგინა.

აღნიშნულის საფუძველზე, 2020-2021 წლებში საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით  კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმემ თითქოსდა შეასრულა 3 055 770.67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც მას კლინიკიდან 2 618 849.07 ლარი ჩაერიცხა. სინამდვილეში კი, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 475 003.03 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობითვე, 2021 წელს საუნივერსიტეტო კლინიკასა და ნიუმშენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,  452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და ნიუმშენის დირექტორებმა კლინიკას ყალბი-მიღება ჩაბარების აქტები წარუდგინეს.

"რომლითაც  თითქოს შპს „ნიუმშენმა“ შეასრულა 452 842.48 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც კომპანიას 362 273.67 ლარი ჩაერიცხა. რეალურად, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 284 241.65 ლარს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც.

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით წარედგინათ. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, სამივე ბრალდებულს 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურამ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 


close დახურვა