logo
ENG



POG: თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისთვის 2 ნოტარიუსი და თანაშემწე დააკავეს

11 ოქტ 202311:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების მოტყუებისთვის დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ.

"ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება.


close დახურვა