საქართველოს პროკურატურამ "ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წაუყენა, მათ შორის ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორეს მკვლელობაში დახმარებისთვის. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, ბრალი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა.
ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით "ლილო მოლის" ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა.
2023 წლის 3 აგვისტოს თბილისში, შპს ლილო მოლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდებად განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით მას ბრალდება დაუზუსტდა - განზრახ მკვლელობა შეკვეთით.
7 ნოემბერს დააკავეს პირი, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულისთვის იარაღის მიტანა ედება ბრალად. მას ბრალდებად შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება წარედგინა.
რაც შეეხება მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულს, პროკურატურაში ამბობენ, რომ იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში.