logo
ENG



POLITICO: საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება

25 იან 202409:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/25/jbwbngy3ytt1zwd.jpg

"საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას POLITICO, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშია მიმოხილული. 

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პუტინის ომი უკრაინასთან ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს - ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას. 

"დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან, ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ", - განუცხადა POLITICO-ს პარტნიორობის ფორუმის წევრმა, ალექსანდრა საბუმ. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი თითქმის ყველა თემატურ სფეროში შემცირებულია, მათ შორის, დემოკრატიული უფლებების, არჩევნებისა და პოლიტიკური პლურალიზმის, კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების, ასევე, სახელმწიფო ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს სფეროებში.

მაშინ, როცა საქართველო ნელ-ნელა შორდება, "უკრაინისა და მოლდოვა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ანგარიშში წერია, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები დემოკრატიისა და კარგი მმართველობის კუთხით. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია და აშკარა გადახვევაა დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო პრაქტიკიდან შეშფოთების მიზეზია,  შესაბამისად, საქართველოს ინდექსის ქულამ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის.

მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მისი სასამართლო სისტემა მწვავე პოლიტიზირებისკენაა მიდრეკილი, სუსტია ოლიგარქიული ძალაუფლების წინაშე და როგორც ჩანს, არაა მზად, გაატაროს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი სისტემური რეფორმები. 

საუბარია იმაზეც, რომ ქვეყანა შეზღუდულ პროგრესს აღწევს EU-ს პრიორიტეტების შესრულებაში. 

მოხსენება ეხება საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობასაც და მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტებას. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იმ დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის დამტკიცების მცდელობის, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის, ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკისა და დემოკრატიის უკუსვლის მიუხედავად მიანიჭეს, სასწორზე დევს, როგორც საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ასევე, ევროპული მისწრაფებები. 

ანგარიშში მოხვდა ნიკა გვარამიას დაკავებაც და აღნიშნულია, რომ ამან საქართველოში უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთება გამოიწვია.

 

 

 


close დახურვა