logo
ENG



POLITICO: უკრაინელი მფრინავების F-16-ზე წვრთნებისთვის ევროპა აშშ-ის თანხმობას ელოდება

15 ივლ 202310:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/gs29c9r94bjlw4y.jpg
Lewis Joly/AP Photo

11 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელმაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის  მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უნდა გადაამზადოს, წვრთნების დასაწყებად ჯერ კიდევ ელოდება აშშ-ის ოფიციალურ დასტურს. ამის შესახებ ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Politico წერს.

კოალიციამ, რომელსაც დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობს, უკრაინელი მფრინავების გადასამზადებლად მემორანდუმს NATO-ს სამიტის პარალელურად, ვილნიუსში მოაწერა ხელი. ევროპელი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ პროგრამის განხორციელებას აგვისტოში დანიაში დაიწყებენ - საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება რუმინეთშიც.

თუმცა როგორც Politico წერს, პროგრამა ვერ დაიწყება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად არ მოაწერს ხელს F-16-თან დაკავშირებული მასალების გადაცემის მოთხოვნას, რაც ჯერ არ მომხდარა. აქვე აღნიშნულია, რომ წვრთნების განხორციელებას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა "მწვანე შუქი აუნთო", თუმცა როგორც პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, ოფიციალური თანხმობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

12 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა F-16 ტიპის  მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების გადასამზადებელი კოალიციის შექმნის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი - მემორანდუმზე ხელმოწერა ვილნიუსში, 11 დასავლელ კოლეგასთან ერთად შედგა. რეზნიკოვმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დანიასა და ნიდერლანდებს, რომლებმაც ამ პროცესში ლიდერობა გამოიჩინეს.

რეზნიკოვის განცხადებით, მემორანდუმში აღნიშნულია, რომ გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები და პერსონალი. განცხადების თანახმად, შესაძლოა განიხილონ სხვა ტიპის მებრძოლების ჩართვა ამ პროგრამაში - უკრაინასთან ერთად, კოალიციაში გაერთიანებულია დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.


close დახურვა