ფარმაცევტული კომპანია Pfizer აცხადებს, რომ მათი ვაქცინის ბუსტერ დოზამ კორონავირუსისადმი მაღალი ეფექტურობა აჩვენა.
როგორც Pfizer-ის ოფიციალურ გვერდზე წერენ, კლინიკური ცდების ბოლო ფაზაში გამოჩნდა, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზა კორონავირუსისადმი დამცველობას სრულად აღადგენს.
ვაქცინის ბუსტერ დოზა გაუკეთეს იმ ადამიანებს, ვისაც ფაიზერის ორი დოზა უკვე მიღებული ჰქონდა. ბუსტერ დოზის მიღების შემდეგ ამ ადამიანებში ვაქცინამ კორონავირუსისადმი 95.6% ეფექტურობა აჩვენა, განსხვავებით იმ ცდისპირებისგან, ვისაც ბუსტერ დოზა არ გაუკეთებია.
ეს პირველი შემთხვევაა როცა, ცდების შედეგად კორონავირუსის ნებისმიერი ვაქცინის ბუსტერ დოზის ეფექტურობა დადასტურდა.
"ეს შედეგები გვაძლევს უფრო დამარწმუნებელ მტკიცებულებას იმისა, რომ ბუსტერ დოზას აქვს სარგებელი, რითაც გვსურს საზოგადოება კარგად დავიცვათ ვირუსისგან" - ამბობს ფაიზერის გენერალური დირექტორი ალბერტ ბორულა.
ფაიზერის ჩატარებულ ცდაში 16 წლიდან ზემოთ ასაკის 10 000 ადამიანი მონაწილეობდა. ყველა მათგანს, მეორე დოზის გაკეთებიდან საშუალოდ 11 თვის შემდეგ, მისცეს ფაიზერის ბუსტერ დოზა ან მისი პლაცებო ვარიანტი.
აღსანიშნავია, რომ ცდის მიმდინარეობისას, იმ ცდისპირებში ვინც ბუსტერ დოზა მიიღო კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო იმათში, ვისაც ბუსტერ დოზა არ გაუკეთეს დაფიქსირდა კორონავირუსის 109 შემთხვევა.
ფაიზერში ამბობენ, რომ ჯანდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ მონაცემებს გადასცემენ და განსაზღვრავენ როგორ გამოიყენონ ბუსტერ დოზა მთელს მსოფლიოში.
ფაიზერის ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღების რეკომენდაცია FDA-მ განსაკუთრებულ და მძიმე შემთხვევებში გასცა.
საქართველოში იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ ადამიანები და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირები კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით აცრას შეძლებენ.
გარდა ამისა, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ პირები, რომლებიც უცხოეთში მიემგზავრებიან.