ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი, შესაძლოა, ქალმა კანდიდატმა ჩაანაცვლოს, მათ შორის კი განიხილება ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
მათივე ცნობით, კანდიდატებს შორის, ასევე განიხილება ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელსა და სხვა მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში, ოფიციალურ პირებს, დიპლომატებსა და ანალიტიკოსებს შორის უკვე განიხილება, რომ 72 წლის შემდეგ დროა, ქალი კანდიდატი დაინიშნოს. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ კანდიდატი აღმოსავლეთ ევროპიდან მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება.
NATO-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება. Politico-ს ცნობით, სტოლტენბერგის შემცვლელს, სავარაუდოდ ნატოს მადრიდის სამიტზე მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში წარადგენენ.