Politico-ს ცნობით, აშშ უკრაინას Abrams-ის ტანკებს სექტემბერში გაუგზავნის. ამის შესახებ გამოცემა 6 წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც Politico წერს, Abrams-ის პირველი პარტია, რომელიც კიევში სექტემბერში გაიგზავნება, 6-8 ტანკს მოიცავს. გამოცემის ინფორმაციით, საერთო ჯამში, აშშ უკრაინაში 31 ტანკის გაგზავნას გეგმავს.
უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს განაცხადა.
26 ივლისს, აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტში შედის საბრძოლო მასალა Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო ჭურვები.
აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც უკრაინას გადაეცემა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.