logo
ENG



Politico: ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, EU-ის წევრობისთვის ქვეყანამ მეტი გააკეთოს

08 სექ 202315:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/zf0vrg02mritwvc.jpg

ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანამ მეტი გააკეთოს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

"სამხრეთ კავკასიის ერს უკვე რამდენიმე წელია, აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სურს, დაამტკიცოს თავისი ამბიციები და გახდეს NATO-ს ნაწილი", - წერს გამოცემა. 

ხუთშაბათს, საქართველოში ვიზიტისას, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელს სურს, დაინახოს უფრო მეტი პროგრესი ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით, თუკი საქართველოს სურს, რომ ბრიუსელმა ოქტომბერში "მწვანე შუქი აუნთოს". 

"საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო დასაფასებელია, მაგრამ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა",  - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

ერთი წლის წინ ბლოკმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. ამასთან, საქართველოს "ევროპული პერსპექტივა" აღიარა და ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია წარუდგინა, მათ შორის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა და  სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.

გუშინ საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 7-8 სექტემბერს გაგრძელდება.

ბორელის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით, თუმცა საქართველოს ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. ეს განცხადება ბორელმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გააკეთა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა ქვეყანამ დადგენილი 12 პრიორიტეტი უნდა შეასრულოს. მისივე თქმით, პუნქტების შესრულება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.


close დახურვა