დღეს საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. მისი ვიზიტი 7-8 სექტემბერს გაგრძელდება.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
"უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის იერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ", - ნათქვამია განცხადებაში.