logo
ENG



Politico: კატართან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

10 დეკ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/10/mi1nyurxk6lgdk7.jpg

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელსა და მის მიმდებარედ 16 სახლში ჩხრეკა ჩაატარა. Politico-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების დროს, მინიმუმ, 4 ადამიანი დააკავეს - ერთ-ერთი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის Pasok-ის წევრი, ევა კაილია.

პროკურატურის განცხადებით, საქმე კორუფციასა და ფულის გათეთრებას ეხება - გამოძიება კატარის მიერ სავარაუდო უკანონო ლობირების აქტივობებზე დაიწყო, რის საპასუხოდაც, ევა კაილი პარლამენტში სოციალისტური და დემოკრატიული ჯგუფებიდან გაათავისუფლეს, ის გარიცხეს პარტიიდანაც.

კაილის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარის მიმართ რბილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის მშენებლობის დროს შრომითი უფლებების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, ქვეყნის შრომის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, კაილიმ კატარს მუშათა უფლებების მხრივ ერთ-ერთი "ლიდერი" უწოდა.

Politico წერს, რომ პროკურატურის ვერსიით, კატარს ბრალი ედება პარლამენტში "მნიშვნელოვანი/სტრატეგიული პოზიციების" მქონე ოფიციალური პირების მიმართ "დიდი ოდენობის ფულის და მნიშვნელოვანი საჩუქრების" გაგზავნაში.

საქმის ფარგლებში იძიებენ, მოახდინა თუ არა კატარმა გავლენა პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებზე იმ გზებით, რომლებიც "კლასიკურ ლობირებას სცილდება". საგამოძიებო მოქმედებების დროს, პოლიციამ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.


close დახურვა