logo
ENG



Public Work - რას გულისხმობს ღარიბაშვილის ინიციატივა სოც. დაუცველებზე, მისივე განმარტებით

23 ნოე 202123:38
3 წუთის საკითხავი
 
Public Work - რას გულისხმობს ღარიბაშვილის ინიციატივა სოც. დაუცველებზე, მისივე განმარტებით

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა თავის ინიციატივაზე, რომელიც სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვის შემცირებას და მათ დასაქმებას გულისხმობს. 

მან თქვა, რომ 22 ნოემბერს გახმოვანებული წინადადება ე.წ Public Work-ის - საზოგადოებრივი შრომის შესახებ წარმატებული ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება. 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში სოციალურ დახმარებას 600 ათასი ადამიანი იღებს, მათი ნახევარი კი - 300 ათასი მოქალაქე შრომისუნარიანია, თუმცა, "არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში, ვინაიდან ისინი სოციალური დახმარების მძევლები არიან - აქვთ შიშის განცდა, რომ თუ ის გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას". 

"ეს ე.წ Public work, საზოგადოებრივი საქმიანობა, შრომა, არის უკვე აპრობირებული, დატესტილი, გამოცდილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ აქედან წამოვიღეთ ეს ინიციატივა. 

[...] მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას. რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად, იმიტომ, რომ ამის იქით ვეღარ ხედავს. რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები - რომ გადაამოწმოთ, ყველა გეტყვით, რომ ვერ შოულობენ ისეთ მუშა ხელს, რომლებსაც, მაგალითად, დღეში 50 ლარს გადაუხდიან. 

მიზეზი არის ძალიან მარტივი - ყველას ეშინია, რომ თუ ჩაერიცხა რაღაც შემოსავალი, მოუხსნიან დახმარებას და არ უღირს ერთჯერადი, ორჯერადი, ან თუნდაც სეზონური სამუშაოს ნაცვლად მათთვის ამ დიდი სიკეთის დაკარგვა.

ამ არჩევანის წინაშე რომ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები, საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ არა უიმედობის და უპერსპექტივობის განცდა, არამედ, იმედის და უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური საქმეები, არამედ, მუდმივი საქმიანობა". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე პრემიერი ხელმძღვანელობს. ასევე, სპეციალური ჯგუფი გაემგზავრება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ამასთან, დაწყებულია კონკრეტული სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება. 

"მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას, ასევე მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება. ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გამოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს". - ამბობს პრემიერმინისტრი. 

მისი განცხადებით, ბევრი ადამიანი, ვინც სამსახურის საძებლენად უცხოეთში მიდის, სწორედ ამ ტიპის სამუშაოს ასრულებს, ამიტომ, ახლა მათ მსგავს სამუშაო ადგილებს საქართველოში შესთავაზებენ. 

"ქნება ეს მძღოლი, მშენებლობაზე დასაქმება, რესტორნებში მიმტანებად და ა. შ. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე. თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას მინიმუმ იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა მას დახმარების მიღების დროს, მას შეეძლება სხვა დამატებითი სამსახურიც ჰქონდეთ და მას სახელმწიფო ამ დახმარებას არ გაუუქმებს. შეიცვლება ამ ადამიანების მენტალიტეტი და ამ ადამიანების მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა