"სად იყო პრემიერმინისტრი, ამხელა სტიქია მოხდა ქვეყანაში", - ამ კითხვით მიმართა გიორგი ვაშაძემ შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
"სად იყო პრემიერმინისტრი? რატომ არ ჩავიდა ადგილზე? რატომ არ დაუძახა ყველა უწყების ხელმძღვანელს? რატომ არ გასცა ბრძანებები [...] პრემიერმინისტრი შოვში ჩავიდა მეორე დღეს, ჩავიდა რამდენიმე წუთით, შეხვდა რამდენიმე ადამიანს და დატოვა ის ტერიტორია", - თქვა ვაშაძემ.
მის ამ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა. მათ ვაშაძეს პოპულისტი უწოდეს. ამის შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დარბაზში სიმშვიდის უზრუნველყოფისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.
"თქვენი ყვირილი მიუთითებს, რომ ბრალი მიგიძღვით არასწორ ქმედებაში, ეს არის ქართული ოცნების მორალი, სამწუხაროდ", - ამ სიტყვებით მიმართა მან უმრავლესობის დეპუტატებს.
ვაშაძის განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედია კომპლექსურია და მასში შსს-სთან ერთად, თავდაცვის, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებიც უნდა ჩართულიყვნენ და ეს პრემიერმინისტრის ვალდებულება იყო.