უკრაინელი ფოტოჟურნალისტი, მაქს ლევინი, რომელიც კიევის ოლქში დაიღუპა, ასევე, მასთან ერთად მყოფი უკრაინელი სამხედრო ალექსეი ჩერნიშევი შესაძლოა რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ აცხადებს რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, რომელიც 24 მაისიდან 3 ივნისამდე უკრაინაში ლევინის სიკვდილის გამოძიებისთვის იმყოფებოდა.
მაქს ლევინი ერთ-ერთია რვა ჟურნალისტს შორის, რომლებიც უკრაინაში ომის გაშუქების დროს დაიღუპნენ.
ლევინმა და ჩერნიშევმა კონტაქტზე გამოსვლა 13 მარტს შეწყვიტეს. ლევინის ცხედარი პირველ აპრილს იპოვეს. ჩერნიშევის შესახებ უკრაინული მედიები არაფერს წერდნენ, თუმცა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე დასკვნაში წერს, რომ მისი ცხედარი ლევინთან ერთად იპოვეს.
ჟურნალისტებმა ლევინის დაღუპვის ადგილი კიევიდან ჩრდილოეთით, სოფელ მოჩშუნთან იპოვეს, სადაც ჯერ კიდევ იდგა მისი დამწვარი Ford. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მანქანაში 14 ნატყვიარი იპოვეს, ასევე, რამდენიმე ტყვია და ჩერნიშევის პირადობის მოწმობა. მათ ასევე აღმოაჩინეს "რამდენიმე ნივთი დნმ-ის შესაძლო კვალით, რაც მიუთითებს რუსი სამხედროების ყოფნაზე იმ ადგილის უშუალო სიახლოვეს, სადაც ლევინი და ჩერნიშევი მოკლეს". ლითონის დეტექტორების დახმარებით ძიების დასკვნით ეტაპზე ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იპოვეს ტყვია, რომელიც სავარაუდოდ ლევინს მოხვდა.
"დანაშაულის ადგილიდან გადაღებული ფოტოების ანალიზი, ადგილზე დაკვირვება და ამოღებული მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს დახვრეტაზე, რასაც შეიძლება წინ უძღოდა დაკითხვა ან წამებაც კი", - განაცხადა რეპორტიორების საზღვრებს გარეშე გენერალურმა მდივანმა, კრისტოფ დელუარმა.