logo
ENG



Reuters: აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსები ირანთან ომში რუსეთის ჩართულობას ვარაუდობენ

23 ივლ 202613:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/23/dtuv2lan14ou8c2.jpg

Reuters-ის ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში CIA-ს ლოკაციებზე ირანის თავდასხმებმა აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსები რუსეთის შესაძლო ჩართულობაზე დააფიქრეს. რუსეთის ძალების დახმარება, შესაძლოა, სამიზნეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ან დრონების ტექნოლოგიის მიწოდებით ხდება. გამოცემა ამ ინფორმაციას აშშ-ის დაზვერვასთან დაახლოებულ ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურ პირებს CIA-ს სადგურებზე თავდასხმებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მყარი დასკვნებისთვის არ მიუღწევიათ. როგორც შესაძლო მტკიცებულება, მათ დაასახელეს დარტყმების ეფექტურობა და სიზუსტე და რუსეთის მიერ ირანისთვის გაწეული ტექნიკური მხარდაჭერა.

როგორც Reuters-მა განაცხადა, მარტში CIA-ს სულ მცირე ორ ობიექტს დაესხნენ თავს. ერთ-ერთი მათგანი საუდის არაბეთში, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოში განთავსებული CIA-ს სადგური იყო. მეორე აღმოსავლეთ ერაყში მდებარეობდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დარტყმები CIA-ს სხვა ობიექტებზეც განხორციელდა, თუმცა მათ დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

ეჭვები იმის თაობაზე, რომ რუსეთი ირანს სამიზნეების შესახებ მონაცემებს აწვდის, წინა კვირას იორდანიაში აშშ-ის ავიაბაზაზე თავდასხმების შემდეგ გაძლიერდა. აღნიშნულ ბაზაზე ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

რეგიონში მყოფმა ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარა ირანს „შაჰედის“ დრონების სიზუსტის და სიძლიერის გაუმჯობესებაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ ერ-რიადზე თავდასხმისას ირანმა სწორედ ეს ვერსიები გამოიყენა.

სხვა წყაროს განცხადებით, რუსეთი „შაჰედ-136“ დრონების სიზუსტის გაუმჯობესებაში „კომეტა-მ“-ის თანამგზავრული სანავიგაციო სისტემის მიწოდებით ეხმარება თეირანს, რომელიც ირანის წარმოებულ სისტემაზე ბევრად ზუსტია. 

The Wall Street Journal-მა პირველად მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანს „კომეტა-მ“ მიაწოდა. კრემლმა ეს მოხსენება უარყო.

წყაროებმა უარი განაცხადეს ირანული დრონების მიერ მიზანში ამოღებული CIA-ს ობიექტების ზუსტი რაოდენობის ან ადგილმდებარეობის გამჟღავნებაზე. ზოგიერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ირანი შესაძლოა უბრალოდ აშშ-ის საელჩოს უმიზნებდა, CIA-ს სადგურის ლოკაციაზე ინფორმაციის ფლობის გარეშე.


close დახურვა