logo
ENG



Reuters: NATO-ს წევრობაზე თურქეთთან შვედეთისა და ფინეთის მოლაპარაკებებში პროგრესი მცირეა

27 მაი 202218:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/7fdxjhgtpumyprf.jpg

გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ და შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებმა მიმდინარე კვირაში ნორდიკული ქვეყნების NATO-ს წევრობის შესახებ გამართული შეხვედრებით მცირე პროგრესს მიაღწიეს.

მედია თურქეთის ხელისუფლებიდან 2 წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება დამატებითი დისკუსიები.

„ეს არაა მარტივი პროცესი. მათ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რაც რთული იქნება. მომავალში მოლაპარაკებები გაგრძელდება თუმცა თარიღი არ ჩანს რომ ახლოსაა“ - უყვება წყარო Reuters-ს.

Reuters-ს კიდევ ერთმა ადამიანმა, რომელიც ამ სიტუაციასთან ახლო კავშირშია უთხრა, რომ მოლაპარაკებებში მკაფიო პროგრესი არ შეიმჩნეოდა და შეხვედრა ისე დასრულდა, რომ მომავალში დიალოგის გაგრძელების დროითი ჩარჩო არ განხილულა. წყაროს თქმით, 29-30 ივნისს მადრიდში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე თურქეთმა, შესაძლოა, კვლავ უარი თქვას ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერაზე.

ამ საკითხზე შვედეთისა და ფინეთის საგარეო მინისტრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა Reuters-ს უთხრა, რომ მხარეებს შორის ჯამში 5-საათიანი განხილვები მეგობრული იყო. თურქეთის ხელისუფლება ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს ჯერ ცალ-ცალკე შეხვდა, შემდეგ კი სამმხრივი დიალოგი გაიმართა.

მესამე წყარო კი Reuters-ს უყვება, რომ თურქეთის ხელისუფლებას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ შეთანხმება ალიანსის მადრიდის სამიტამდე მიიღწევა.

ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე NATO-ს წევრობის განაცხადი გასულ კვირას გააკეთეს.

იმისთვის, რომ ქვეყნები ალიანსში მიიღონ საჭიროა 30-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. თურქეთის პრეზიდენტმა ნორდიკული ქვეყნების ნაბიჯის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები "ტერორისტულ ჯგუფებს მფარველობენ" და თურქეთისთვის შეიარაღების ექსპორტი შეწყვიტეს.

თურქეთის საგარეო მინისტრმა მევლუთ შავუშოღლუმ კი განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის, მანამდე კი ქვეყნების NATO-ში გაწევრებას მხარს არ დაუჭერს.


close დახურვა