logo
ENG



Reuters: აშშ და მოკავშირეები რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვას განიხილავენ

23 მარ 202211:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/11bum78gkv1tina.jpg
Mast Irham / Pool

გამოცემა Reuters რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვას განიხილავენ. 

Reuters-ის მიხედვით, დიდი ოცეულიდან რუსეთის გარიცხვის ინიციატივა პოლონეთმა გააჟღერა. 

„იყო განხილვები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია რომ რუსეთი დიდი ოცეულის ნაწილი იყოს. თუ რუსეთი დარჩება წევრად, ეს ორგანიზაცია ნაკლებად გამოსადეგი გახდება“ – Reuters-თან განაცხადა წყარომ დიდი შვიდეულიდან.

გარდა ამისა, მედიას ევროკავშირში დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა, რომ რუსეთის სტატუსის შესახებ განხილვები დაწყებულია.

ინდონეზიისთვის საკმაოდ მკაფიო გახდა, რომ რუსეთის მონაწილეობა დაგეგმილ მინისტერიალის შეხვედრებზე ევროპული ქვეყნებისთვის პრობლემური იქნება.“ - ეუბნება წყარო Reuters-ს.

გამოცემის ინფორმაციით, გუშინ პოლონეთმა აშშ-ს დიდ ოცეულში რუსეთის ჩანაცვლება შესთავაზა, რაზეც ამერიკისგან „პოზიტიური გამოხმაურება“ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ წყარომ დიდი შვიდეულიდან გამოცემას უთხრა, რომ რუსეთის გარიცხვას ზოგიერთი ქვეყანა, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. მათ შორის მოიაზრება ინდონეზია, რომელიც ამჟამად უძღვება დიდ ოცეულს, და ისეთი წევრებიც, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს განსაზღვრული პროცედურა, რომელიც ქვეყანას დიდი ოცეულის წევრობას გაუუქმებს. წყაროს თქმით, რუსეთის გარიცხვის ერთადერთი გზა მოსკოვის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებაა.

თუმცა წყარო აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებს შეუძლიათ უარი თქვან დიდი ოცეულის ამ წლის შეხვედრაში მონაწილეობაზე, რაც ინდოეთისთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელმაც ამ დრომდე არ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და არც რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ დასავლურ ზომებს დაუჭირა მხარი.

დიდი ოცეული, დიდ შვიდეულთან ერთად საერთაშორისო ფორუმია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანასა და ევროკავშირს აერთიანებს. დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის 85%-ს ფარავენ. ოცეულში ინდუსტრიული და განვითარებადი ქვეყნებიც შედიან, რომლემბიც ჯამში მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს ქმნიან, და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს აერთიანებენ.

აღსანიშნავია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პერიოდში, დიდ შვიდეულს რუსეთი შეუერთდა და დიდი რვიანი გახდა. თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი ჯგუფიდან გაირიცხა.


close დახურვა