logo
ENG



Reuters: ჰამასმა დაადასტურა, რომ ისრაელთან ზავი ორმხრივი იქნება

20 მაი 202123:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/20/xut3kx4inf8tc29.jpg

ჰამასმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ ისრაელთან "ორმხრივ და ერთდროულ" ზავს ეთანხმება, რომელიც პარასკევს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ამოქმედდება. 

მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ ნეთანიაჰუს უშიშროენის კაბინეტმა ზავს მხარი დაუჭირა.

ზავის მიღწევით ღაზას სექტროში 11-დღიანი საომარი მოქმედებები დასრულდება. 10 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანა. 14 მაისს, ორმხრივი სარაკეტო თავდასხმისა და ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მეტოქეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ისრაელი ამბობს, რომ მათი მიმართულებით ღაზას სექტორიდან 4 ათასი რაკეტა ისროლეს. სულ ორმხრივ მოქმედებებს 232 პალესტინელი და ისრაელის 12 მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. 

სამხედრო შეტაკებების განახლებას კი პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის 10 მაისის ღამეს მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. 

ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.


close დახურვა