სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რაკლი ჩიკაშუამ 19 აპრილს პატიმრობა შეუფარდა.
ორგანიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს რეპრესიული ფორმით აქციის მონაწილეების დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად.
საუბარია ანდრო ჭელიძეზე, რომელიც პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით დააკავა. SJC-ის ცნობით, დაკავების მომენტში და ძველი თბილისის პირველ სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებები ნათლად ასახავს, როგორ ძალადობს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ანდრო ჭელიძეზე. ძირს წაქცეულ აქციის მონაწილეს ორი პოლიციელი ფეხებს ურტყამს, დანარჩენი სამართალდამცავები კი ფაქტს რეაგირების გარეშე უყურებენ. დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს მოწმის მიერ გადაღებულ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს. ძალადობრივი დაკავების კადრები გაავრცელა ტელეკომპანია ფორმულამაც. ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ მოსამართლემ ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო ჭელიძე სამართალდამრღვევად და ყველაზე მკაცრი სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.
"საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინიტრო მოითხოვდა ანდრო ჭელიძის მიმართ უმკაცრესი სახდელის გამოყენებას, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნებოდა შეკრებისა და მანიფესტაციების სხვა მონაწილეების მიმართაც. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის შეფარდების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საჩივარი დაუშვებლად ცნო".
SJC განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოა, როცა სასამართლო ვერ წარმოადგენს მკაფიო მიზეზებს პირისთვის პატიმრობის შესაფარდებლად.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანდრო ჭელიძისთვის პატიმრობის შეფარდება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას არღვევს მისი თვითნებური და არაპროპორციული ხასიათის გამო".
ორგანიზაცია გაუმართლებლად მიიჩნევს აქტივისტების უსაფუძვლო დაკავებისა და მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების მანკიერ პრაქტიკას.
"მნიშვნელოვანია:
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ - შეწყვიტოს აქციის მონაწილეების უსაფუძვლო დაკავება და უზრუნველყოს პოლიციელის მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვა ვალდებულება;
- პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა - ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, შეწყვიტონ ადმინისტრაციული საქმის წარმოება;
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობაზე;
- საქართველოს სახალხო დამცველმა - განახორციელოს საპროტესტო აქციების მონიტორინგი უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციის მიერ ძალის გამოყენების აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ, ასევე, გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებულ პირთა რაოდენობის დადგენისა და მათი ადგილსამყოფელის მოძიების პროცესში;
- საქართველოს პარლამენტმა - გაიწვიოს ინიცირებული რუსული კანონპროექტი და მის ნაცვლად, რეალურად განახორციელოს ევროინტეგრაციის გზაზე განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმები", - მიუთითებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.