logo
ENG



SJC ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტურ განცხადებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს

02 ნოე 202313:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/02/gsaabe2m1b7d6z6.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური ენის გამოყენებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ "ამგვარი ვერბალური თავდასხმები მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოს ქმნის ქალი პოლიტიკოსებისთვის, მათ გაჩუმებასა და დასუსტებას ისახავს მიზნად და პოლიტიკური სექსიზმის და უკულტურობის უმძიმესი გამოვლინებაა".

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში ქალი პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან მორალური კრიტერიუმებით თავდასხმების სამიზნეები. საჯარო სფეროში აქტიური ქალების მიმართ გამოყენებული გენდერული სიძულვილის ენის მიზანი ხშირად საჯარო საქმიანობის გარკვეული სფეროებიდან ქალების მიზანმიმართული გამორიცხვაა.

"პოლიტიკურ სექსიზმს და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების მიერ ქალი პოლიტიკოსების აღქმაზე. ისინი შეიძლება შეხვდნენ კრიტიკას ან დაკვირვებას მათი გარეგნობის, მანერების, პირადი ცხოვრების ან ლიდერის როლებისთვის აღქმული ვარგისიანობის საფუძველზე. პოლიტიკური სექსიზმი ამკვიდრებს ორმაგ სტანდარტებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ, როცა ისინი შეიძლება უფრო მკაცრად გააკრიტიკონ თავიანთი ქმედებების, ენის ან ქცევის გამო.

ამგვარმა რიტორიკამ და კლიმატმა შეიძლება გამოიწვიოს ქალი პოლიტიკოსების ობიექტივიზირება მედიაში ან საჯარო დისკურსში, რაც ყურადღებას გადაიტანს მათი პოლიტიკური პოზიციებიდან და შესაძლებლობებიდან, მათ პირად ცხოვრებაზე. ამასთან, ამგვარმა ნეგატიურმა რიტორიკამ შესაძლოა ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების ხელშემწყობი გარემო შექმნას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

SJC-ში ამბობენ, რომ პოლიტიკაში ქალთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ყველა პარტიისთვის საერთო გამოწვევაა. ამიტომ მნიშვნელოვანია არსებობდეს მრავალპარტიული კონსენსუსი, რომ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები უარს იტყვიან ამგვარ სიძულვილის ენაზე და გენდერულად უფრო მეტად სენსიტიურები იქნებიან.

  • რაკლი ბერაიას გადადგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, მისი მოადგილის მიმართ გამოყენებული მტრული, შეურაცხმყოფელი და მიზოგინიური შინაარსის გამო;
  • პარლამენტის ეთიკის კომისიას შეისწავლოს პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტები და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი რეაგირებისთვის;
  • პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გამოეხმაუროს და მკაფიოდ დაგმოს პოლიტიკოსი ქალების მიმართ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სექსისტური და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევა.შეიმუშავოს წინადადებები და ღონისძიებები პარლამენტში ამგვარი კლიმატის შესაცვლელად, პარტიებსა და ფრაქციებს შორის სიძულვილის ენის არგამოყენებაზე პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად;
  • საქართველოს პარლამენტს ეთიკის კოდექსში შეიტანოს ცვლილებები და გააძლიეროს სიძულვილის ენაზე რეაგირების ეფექტიანი და უფრო მკაცრი მექანიზმები;
  • პოლიტიკურ პარტიებს მიაღწიონ ინტერპარარტიულ შეთანხმებას წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის არგამოყენებაზე და წაახალისონ ამისთვის საჭირო შიდა პარტიული თვითრეგულირების მექანიზმების ამუშავება, რომელიც ისედაც პოლარიზებულ და მტრულ პოლიტიკურ კლიმატს განმუხტავს და კომუნიკაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

***

31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". 

გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის თეონა აქუბარდიამ მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვოს.


close დახურვა