logo
ENG



SJC შსს-ს მოუწოდებს სამხარაძის მიმართ ცრუ დასმენა/ადევნების მუხლებით გამოძიება დაიწყოს

27 მარ 202316:55
3 წუთის საკითხავი
clock 560
2023/03/27/uvy8n7wv9thzm9q.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბოლო დღეებში POSTV-ის პროპაგანდისტების მიერ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შესაძლო დანაშაულების, კონკრეტულად, ცრუ დასმენისა და ადევნების თაობაზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

ორგანიზაცია, ასევე, საუბრობს რამდენიმე ქალის მიერ შალვა რამიშვილის მხილებაზე და მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ქალების სექსუალური შევიწროებისთვის დადგენილია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ადევნებისთვის.

"უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში თათია სამხარაძის მიმართ გამოვლენილი ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულების ნიშნებს, რომელიც სწორედ POSTV-ის ინსტრუმენტად გამოყენების გზით ხდება. საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში, POSTV-ის ქმედებების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობა წარმოადგენდეს, ვინაიდან შეუძლებელია, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდეს თათია სამხარაძის (რომელიც არ არის საჯარო პერსონა) რომელიმე საცხოვრებელ სახლში ან სხვა ადგილას ყოფნასთან დაკავშირებით, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული სფეროა და მისი გადაადგილების ამ ხარისხით კონტროლი ამ უფლებაში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ.

ჩვენი შეფასებით, საკითხის ირგვლივ არსებული გარემოებები, თათია სამხარაძის მიერ სასამართლოში მოგებული საქმის კონტექსტი და ბოლო პერიოდის მოვლენები, როდესაც შ. რამიშვილი იმავე ქმედებაში სხვა ქალებმაც დაადანაშაულეს, მიუთითებს, შ. რამიშვილის ტელევიზიის რეალურ მოტივაციას ერთი მხრივ, გადაფაროს ზემოხსენებული მძიმე ბრალდებები, მოახდინოს მათი მინიმიზება, მეორე მხრივ კი თათია სამხარაძეს განაცდევინოს ფსიქიკური ტანჯვა და აიძულოს შეიცვალოს ცხოვრების წესი. აღნიშნული კი თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას", - აღნიშნულია განცხადებაში.

26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა