გამოცემა SOVA-ს ინფორმაციით, საქართველომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა.
გამოცემა პორტალ Flightradar24-ს ეყრდნობა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თვითმფრინავების მოძრაობას აკვირდება.
SOVA ვარაუდობს, რომ ფრენები მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის ფარგლებში განხორციელდა. 10 და 11 ნოემბერს სოვამ რუსული მძიმე სამხედრო ტრანსპორტი Il-76MD შენიშნა, რომელიც გაფრინდა რუსეთიდან სომხეთისკენ და უკან.
პირველ შემთხვევაში თვითმფრინავი მოზდოკიდან გაფრინდა, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო ბაზა მდებარეობს. უკან დასაბრუნებელი რეისი თვითმფრინავმა ელიანოვსკიდან განახორციელა, სადაც, ვასტოჩნის აეროპორტის ბაზაზე 235-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკი მოქმედებს.
ცნობილია, რომ ულიანოვსკიდან სამშვიდობოებს ყარაბაღში აგზავნიან. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 10 ნოემბერს ჯარისკაცები, სულ ცოტა, ექვსი თვითმფრინავით გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ტელეგრამ არხმა Доклад разведки გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ მოზდოკიდან აფრენილი თვითმფრინავის ბორტიდან, რეისის ნომრით 78 835, რომელზე მყოფი პირიც დისპეტჩერს ეუბნება: "ინფორმაცია ლაინერისთვის - არსებობს ფუნდამენტური შეთანხმება, დამყარდეს რადიოკავშირი რუსულ ენაზე საქართველოს ტერიტორიაზე".
ამასთან დაკავშირებით ფორმულა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. აბაშიძემ თავდაპირველად იკითხა, გააკეთეს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარი, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო რომ საგარეო უწყებას ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია, კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.
„იყო ჩვენი მხრიდან რაიმე კომენტარი? თუ არა, მაშინ ვნახოთ აბა თუ იქნება, მე ვერაფერს გეტყვით“, - თქვა აბაშიძემ.
საქართველოს ხელისუფლების არც ერთ სხვა წარმომადგენელს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
3 ოქტომბერს, მაშინ, როცა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე.