logo
ENG



Skygirls Bar-ში კლიენტის ცემის გამო მე-4 ადამიანიც დააკავეს

08 სექ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 
blqwhla9z7ppnzl.jpg

შსს-მ თბილისში, Skygirls Bar-ში ბარში კლიენტის ცემისთვის ბრალდებული მეოთხე ადამიანიც დააკავეს - 1978 წელს დაბადებული რ.ჩ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შედეგად, ჯანმრთელობა დაუზიანდა ორ ადამიანს. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი, რა დროსაც მოქალაქე ივიკო ფრუიძეს ბარში სცემეს, 22 აგვისტოს მოხდა. ფრუიძის თქმით, თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე Skygirls Bar-ში დაცვის თანამშრომლებმა სცემეს, ხელი მოსტეხეს და ცხვირი გაუტეხეს.

ფრუიძე იხსენებს, რომ ყველაფერი ბარის "აბსურდული ანგარიშით" დაიწყო, სადაც 5 კოქტეილის ნაცვლად 25 ეწერა, მომსახურების პროცენტის გარდა კი, კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა. მისი თქმით, დაცვის თანამშრომლების აგრესია, ანგარიშის გამო მის მიერ გამოთქმულმა პროტესტმა გამოიწვია.


close დახურვა