რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია TASS-ის ინფორმაციით, ისრაელის ელჩი რუსეთში, ალექსანდრე ბენ ცვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაციებს შეუძლიათ შეხვედრები იერუსალიმში გამართონ.
“ისევ მათ [პუტინმა და ზელენსკიმ] უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ შეხვედრას იერუსალიმში. ის რაც გაკეთდა თურქეთში, შეიძლება გაკეთდეს აქაც”, - TASS-ის ცნობით, განაცხადა ელჩმა.
რუსული მედია იუწყება, რომ ელჩმა მოსკოვში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის ლიდერები რეგულარულ კონტაქტს აგრძელებენ.
“სამხედრო მოქმედება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია. ყოველთვის მტკივნეულია ხალხის ტანჯვის ყურება. იქნება ეს მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინაში თუ დონბასის მაცხოვრებლები. თუ ყველაფერი სხვა გზით, მოლაპარაკებების საშუალებით შეიძლება გადაწყდეს, მაშინ ეს სხვა გზით უნდა მოგვარდეს”, - თქვა ისრაელის ელჩმა.