logo
ENG



TDI: ხელისუფლებამ შეწყვიტოს მუსლიმების დისკრიმინაცია

03 მაი 202014:51
3 წუთის საკითხავი
 

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს. მასში საუბარია მუსლიმი სასულიერო პირების დადანაშაულებაზე. კერძოდ, განცხადების მიხედვით, 1-ელ მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობა პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ.

ბოლნისსა და მარნეულში კარანტინის გამოცხადებისთანავე კი გამძაფრდა სიძულვილის ენა და ქსენოფობია ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. ადგილობრივები მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. 

"რაც შეეხება მუსლიმ სასულიერო პირებს, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მათ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მთელი საქართველოს მასშტაბით უარი თქვეს სამლოცველოებში შეკრებაზე, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარებას სთავაზობენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანზიცია მიიჩნევს, რომ სახელწმიფო მათ დისკრიმინაციას ეწევა.

"მუსლიმები საქართველოში სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან. სახელმწიფო უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანების ავტონომიაში და უფლებების დაცვის ნაცვლად, უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელძღვანელი შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და მის მიმართ გამოძიება საბოტაჟის ბრალდებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამ ვითარების გამო ორგანიზაცია ხელისუფლებას ქმედითი და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას თხოვს. მათ შორის:

"გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა; შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს; უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული და პროაქტიული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ორგანიზაცია ასევე მიმართავს ეპიდემიოლოგებსაც და მათ შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას სთხოვს.

"მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ეპიდემიოლოგებმა, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან. მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს",-აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა