logo
ENG



TDI: ინდოეთიდან ჩამოსულ პირებზე დაწესებული რეგულაციები არაპროპორციული და დისკრიმინაციულია

16 აპრ 202102:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/16/sftynr7bknmxdc3.jpg

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ინდოეთიდან ჩამოსული პირებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, მთავრობის დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტამდე დაექვემდებარება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე, ხოლო შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, საქართველოში ვიზიტამდე  წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ასევე დაექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

TDI აცხადებს, რომ ინდოეთიდან მომავალი პირების, მათ შორის, სტუდენტების 14-დღიან კარანტინში მოთავსება და მხოლოდ ჩარტერული რეისით შემოსვლის უფლება შესაძლოა განხილული იყოს დისკრიმინაციად ეროვნების, მოქალაქეობისა და წარმოშობის ნიშნით.

"მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, არაგონივრული, არაპროპორციული და დისკრიმინაციული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კოვიდ პანდემიის პირობებში, უცხოელი სტუდენტები, განსაკუთრებით კი ინდოეთის მოქალაქეები, წააწყდნენ რიგ პრობლემებს სწავლის პროცესთან დაკავშირებით. სტუდენტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების გამო და მათ ვეღარ შეძლეს უკან დაბრუნება. გარკვეულ ეტაპზე სწავლება უნივერსიტეტებმა დისტანციურ რეჟიმში გადაიტანეს. თუმცა, შემდგომში, კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისიწნებით. მაგრამ სტუდენტების დიდ ნაწილს, საკუთარ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების, ფინანსური პრობლემების და საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებული არაერთი გაურკვევლობის გამო, არ შეეძლოთ საქართველოში დაბრუნება. შედეგად, ისინი სასწავლო პროცესსაც ჩამორჩნენ", -ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს.

"იმ პირობებში, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები უამრავ დაბრკოლებას ისედაც აწყდებინ როგორც საქართველოში შემოსვლის მხრივ, ისე საქართველოში სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისას, აღნიშნული დამატებითი არაპროპორციული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ დადგენილ რეგულაციებს და შეცვალოს ისინი პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

 


close დახურვა