ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აცხადებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა, ოცნება სპეკულირებს მართლმადიდებლური ეკლესიით და ღიად აწარმოებს ანტიდასავლურ რიტორიკას.
ორგანიზაციის თქმით, "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტების გარშემო მოვლენებმა, ოცნების წევრების განცხადებებმა და ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულმა დისკრედიტაციის კამპანიამ ცხადყო, რომ "ხელისუფლება მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიითა და საზოგადოებაში მისი ავტორიტეტით. იგი ღიად და დაუფარავად აწარმოებს ანტიდასავლურ პოლიტიკას, უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".
მათი თქმით, "აგენტების შესახებ" რუსული სტილის კანონის მიღების მიზანი შეიძლება შეფასდეს, როგორც კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიებისა და გაქრობის გზით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაბრკოლების, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევისა და საბოლოოდ რუსული რეჟიმის დამყარების მცდელობად.
TDI-ის თქმით, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა თანხვედრაშია კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებთან და რუსეთში წლების განმავლობაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნასთან, რაც საბოლოოდ მათი გაქრობით დასრულდა.
"ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი თანამდებობის პირები სულ უფრო მეტად სპეკულირებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიით, იყენებენ მის ავტორიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, მედიის, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და მათ წინააღმდეგ ძალადობის გასაღვივებლად. ამის დასტური 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებია, როცა ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კერძო საკუთრება და გზა გაუხსნა ექსტრემისტ, პრორუსულ ჯგუფებს ძალადობისკენ." - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, მმართველი პარტიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებსა და მედიას საჯაროდ მოიხსენიებენ "ეკლესიის მაგინებლებად", "უსამშობლოთა და ურწმუნოთა თაობად", "ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზაციებად" , "ექსტრემისტებად"
ამის მაგალითია 3 მარტს ირაკლი კობახიძის განცხადებაც რომ "ეს ადამიანები ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ არიან დაკავებული ანტიეკლესიური პროპაგანდით და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან იდენტობა შეარყიონ."
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა რომ "ეკლესია, ჯარი, და პოლიცია", ეს სამი მთავარი ინსტიტუციაა "ქვეყნის საყრდენი".
TDI-ის თქმით, ხელისუფლების რუსულ პროპაგანდას და ეკლესიის სახელით სპეკულირებას არ ემიჯნება საპატრიარქო.
ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის სახელით მანიპულირება და საპატრიარქოს დუმილი მიზანმიმართულად აქეზებს სამოქალაქო საზოგადოებისადმი სიძულვილსა და ძალადობას.
"მოცემულ კონტექსტში, ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება, ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ამ სპეკულაციურ პროპაგანდაზე დუმილი მიზანმიმართულად აქეზებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სიძულვილსა და ძალადობას, ასევე აზიანებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის პრინციპს, ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ ფასეულობებს." - აცხადებს TDI.