logo
ENG



TI-ის ანგარიში: ქუთაისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე 1 521 640 ლარი დაიხარჯა

16 აგვ 202415:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/pa5pzasx75plyfp.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2023 წელს ქუთაისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე 1 521 640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49 024 ლარი მიიღეს.

TI-მ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წელს გაწეული საქმიანობა შეაფასა. ანგარიში საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს ეფუძნება.

ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები

  • ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წინა წლებისგან განსხვავებით, საჯარო ინფორმაცია არასრულად ან/და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით მოგვაწოდა. ამიტომ  წარმოდგენილ კვლევაში რიგი მონაცემები სრულფასოვნად არ აისახა.
  • ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
  • ოდნავ გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე. საანგარიშო პერიოდში სულ 24 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 6  იყო რიგგარეშე; 
  • საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 31 დადგენილება მიიღო. მათგან  25-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 6 დადგენილებისა კი - საკრებულოს თავმჯდომარე.
  • ქუთაისის საკრებულოს 19  თანამდებობის პირიდან  დეკლარაციები დარღვევით 5-მა თანამდებობის პირმა შეავსო.
  • 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას ოქტომბრის თვეში წარუდგინა, ხოლო  საკრებულოს - ნოემბერში.
  • ქუთაისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, საბჭომ საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის შესახებ საკრებულოს და მერიას რეკომენდაციები წარუდგინა.
  • საანგარიშო პერიოდში  შრომის ანაზღაურებაზე 1 521 640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49 024 ლარი მიიღეს;
  • 2023 წელს ქუთაისის საკრებულომ 82 494 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 218 191 ლარი შეადგინა;
  • 2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 26 943 ლარს მიაღწია.

 


close დახურვა