logo
ENG



TI-ს კვლევა სასამართლოზე: ხელისუფლების მიერ ლობირებული კადრები, კლანური მმართველობა

23 ოქტ 202015:50
3 წუთის საკითხავი
 
8oqygnw5jqiwuqm.png

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემა კვლავ გამოწვევების წინაშეა და ფუნდამენტური რეფორმა არ გატარებულა. ამ გარემოების გამო სისტემაში კლანური მმართველობა ჩამოყალიბდა და უზენაესი სასამართლო ხელისუფლების მიერ ლობირებული კადრებით დაკომპლექტდა. საბოლოო ჯამში კი, შემცირდა სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.

ანგარიშში მიმოხილულია ბოლო 4 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვანი მოვლენები და საკანონმდებლო ცვლილებები.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. "სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით სრულად გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, მოსამართლეთა ამ ჯგუფს დღეს ე.წ. კლანის სახელით მოიხსენიებენ";

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მიზანი უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება არ ყოფილა... უზენაესი სასამართლო ძირითადად არა კონკურსში მონაწილე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებით, არამედ ხელისუფლების მიერ წინასწარ ლობირებული კადრებით დაკომპლექტდა".

"კლანური მმართველობის გავლენა გასცდა საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა... საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა".

რაც შეეხება პოზიტიურ ცვლილებებს, ორგანიზაცია სხვადასხვა პროცედურულ დეტალებს გამოყოფს და ყურადღებას ბოლო 4 წლებში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებაზე ამახვილებს.


close დახურვა