logo
ENG



TI: იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო

30 მარ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/30/94tvep3q0go1u9e.png
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 46-დან დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.

TI-ში ამბობენ, რომ მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. მათივე თქმით, კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.

მაგალითად, კვლევის თანახმად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ რობაქიძემ 2023 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს "სზ ჯგუფის" 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, საკუთარი წილის მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

ასევე, საჩხერის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბედიანიძეს 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე, ასევე შპს მამუკას 100% წილის მფლობელი და დირექტორი. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია და არც წილი გადაუცია მართვის უფლება სხვისთვის.

წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს იმედი 2020- ის დირექტორი და 30% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მერად არჩევის შემდეგ კომპანიის დირექტორის პოზიცია არ დაუტოვებია და არც წილი გადაუცია სხვა პირისთვის მართვის უფლებით.

სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის სამტრედიაში 98 კვ.მ ბინის და 2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თუმცა ეს ეწერა წინა წლის დეკლარაციაში.

სრული სია ნახეთ ამ ბმულზე. 


close დახურვა