logo
ENG



TI: ოცნების დელეგატის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა შესყიდვებიდან ₾41 მლნ-მდე მიიღეს

30 აგვ 202411:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/30/0qmjgaruyp5cadu.png

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ქართული ოცნების საარჩევნო სიის დელეგატის, აკაკი ალადაშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში 40,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

აკაკი ალადაშვილი 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

ორგანიზაციის ცნობით, აკაკი ალადაშვილი შპს "ტრანსპორტერის" 10%-იანი წილის მფლობელია, 90% წილის მფლობელი და დირექტორი კი სერგო შუღაროვია. შუღაროვი მართავს აკაკი ალადაშვილის 10% წილს და ფლობს სხვა კომპანიებსაც: შპს "მაუნთინ რეზორტ სოლუშანსს" და შპს "ტრანსპორტერ ბაიკს". აკაკი ალადაშვილს და სერგო შუღაროვის ბიზნესპარტნიორობა დასტურდება სხვა კომპანიებშიც: ისინი წილებს იყოფენ შპს "კროსროუდ ტრანსში", შპს "ეკო ფერმაში", შპს "მულტი ქონსთრაქშენ გრუფსა" და შპს "ჯიესეი ქონსალთინგ გრუფში".

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ორივე, აკაკი ალადაშვილი და სერგო შუღაროვი, მმართველი პარტიის და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველები არიან. კერძოდ, სერგო შუღაროვმა, 2018 წლის 22 ნოემბერს, 60,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო აკაკი ალადაშვილმა, 2021 წლის 13 ოქტომბერს - 40,000 ლარი ქართულ ოცნებას.

 

"აკაკი ალადაშვილის და სერგო შუღაროვის კომპანიებმა: შპს "ტრანსპორტერი", შპს "მაუნთინ რეზორტ სოლუშანსი" და შპს "ტრანსპორტერ ბაიკი" 2016-2024 წლებში 23,163,079 ლარის ჯამური ღირებულების 168 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და 17,532,665 ლარის 133 ელექტრონული ტენდერი მოიგეს. მოგებულ 102 ტენდერში კონკურენტები არ ჰყოლიათ, ხოლო 7 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვეს. ტენდერებიდან მიღებული ჯამური შემოსავლების 85% უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის.

შპს "ტრასნპორტერმა" და შპს "ტრანსპორტერ ბაიკმა', მათთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებს ძირითადად ელექტრომობილები, კვადროციკლები, მოტოციკლეტები, საცელავი აპარატები, თოვლმავლები, მათი სათადარიგო ნაწილები მიაწოდეს, შპს "მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა" კი - სპეციალიზებული თოვლსატკეპნი ტექნიკა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო შპს "ემ თი ეია" (ყოფილი "მთის კურორტების განვითარების კომპანია").

ჯამში სამივე კომპანიამ, 2016 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან 40,695,744 ლარი მიიღო:

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.

"აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები".

 


close დახურვა