საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 10 ქართული კომპანიიდან, რომელთაც 2020 წელს გამარტივებული (პირდაპირი) სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს, 6 ქართული ოცნების და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია.
TI-ის ცნობით, აღნიშნული კომპანიების მფლობელებმა 2016-2020 წლებში მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს 668,000 ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 2 კომპანია ("ინ-სი" და "ანაგი") ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდის" პროექტებში არის ჩართული. ამ 6-მა კომპანიამ 2020 წელს პირდაპირი შესყიდვებიდან ჯამში 54 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს, ხოლო 2013-2020 წლებში 149 მლნ ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ ზოგადად, პირდაპირი შესყიდვის გზით მაღალი ღირებულების კონტრაქტის მიღება კანონმდებლობით დაშვებულია და გარკვეულ შემთხვევებში, გადაუდებელ აუცილებლობასაც წარმოადგენს.
"ასევე, სახელისუფლებო პარტიისათვის თანხის შეწირვა ლეგიტიმურია, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება შესყიდვებზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებზე პირდაპირი შესყიდვით გზით ანაწილებს, ეს შესაძლო კორუფციულ კავშირებზე და არაეფექტიან ხარჯვაზე ლოგიკურ ეჭვებს აჩენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, აუდიტის სამსახური და საგამოძიებო უწყებები ასეთი შემთხვევებით უნდა ინტერესდებოდნენ", - ნათქვამია NGO-ს განცხადებაში.
TI-ის მიერ მოძიებული დეტალურ ინფორმაცია იმ 6 კომპანიაზე, რომლის მფლობელები და დირექტორები ქართულ ოცნების ან სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან იხილით ბმულზე.