ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია.
TI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზის თანახმად, ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება:
"საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.
რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი „დაბრუნება“ აქტიურ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნა ევროკავშირის მოთხოვნით, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება, რათა მაღალი დონის დაუსჯელ კორუფციასთან გამკლავება შეძლოს. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში", - ნათქვამია ანალიზში.
ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ აუცილებელია:
- უზრუნველყოფილ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა. ის უნდა აღიჭურვოს გამოძიების უფლებით და შეიცვალოს მისი უფროსის არჩევის წესი, რათა პრემიერმინისტრის ნაცვლად, ის დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
- გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა, რომლის შედეგადაც სასამართლო სისტემიდან წავლენ არაკეთილსინდისიერი და სანქცირებული მოსამართლეები;
- შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა პროკურატურა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან და დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
- გატარდეს რეალური დეოლიგარქიზაცია და საჯარო დაწესებულებები გათავისუფლდეს ოლიგარქიული გავლენისგან;
- გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ კორუფციის კონტროლი საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით;
- ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საგამოძიებო მედიის მუშაობას, როგორც ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის განუყოფელ ნაწილს.
კორუფციის აღქმის ინდექსი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
2023 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, გლობალ ინსაითის ქვეყნების რისკის რეიტინგი, ფრიდომ ჰაუსის ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი დემოკრატიის ვარიაციები, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.