logo
ENG



TI: მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა

16 მაი 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
TI: მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.

მათი თქმით, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს.

"ნიკა გვარამია მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით ვადით.

საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.

მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს.

რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოყვეს.

შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა