ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს პარტიის სასარგებლოდ - კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.
TI-ის კვლევის თანახმად, მმართველი გუნდის შემომწირველები არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ტენდერებს იგებენ, არამედ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან.
„2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. აღსანიშნავია შპს Weekend, რომლისგანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის 6 აპრილს 1,329,680 აშშ დოლარის (იმ დროისთვის დაახლოებით 4.2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 2020 წელს შპს Weekend-ის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა და მისმა სამმა ბიზნესპარტნიორმა 30 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრამდე ჯამში 125,000 ლარი გაიღეს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ“, - ვკითხულობთ კვლევაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს - მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს.
„ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც წინასწარ შეთანხმებულ ქმედებას გავს”, - ნათქვამია კომპანიების შესახებ TI-ს კვლევაში.
გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2020 წელს 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა 60 221 705 ლარი მიიღო შემოსავლის სახით - მათ შორის, ყველაზე მეტი 48.4% ქართულმა ოცნებამ. კვლევის ავტორების აზრით, ეს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.
„პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% (46,586,370 ლარი) კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% (11,314,940 ლარი) – სახელმწიფო დაფინანსებაზე, 4% კი – სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, კომერციული ბანკიდან მიღებულ სესხზე”, - ვკითხულობთ კვლევაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით, წინა წლების მსგავსად, კვლავ მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა - ქართულმა ოცნებამ 20 ოქტომბერს ლიბერთი ბანკისგან 1 მლნ ლარის ოდენობის სესხი აიღო.
რაც შეეხება პარტიების ხარჯებს - საარჩევნო სუბიექტებმა შემოსავლების უმეტესობა რეკლამაზე დახარჯეს. გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, სარეკლამო ხარჯებმა ჯამური ხარჯების არსებითი ნაწილი - 59% - შეადგინა და მისმა ოდენობამ 32 მლნ ლარს გადააჭარბა.
„წილობრივად ყველაზე მეტი - მთლიანი წლიური შემოსავლის 92% (211,633 ლარი) - რეკლამაზე პარტიამ ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები დახარჯა, მეორეზე კი 76%-ით (2,473,162 ლარი) ბლოკ სტრატეგია აღმაშენებელში შემავალი პარტიები იყვნენ. შედარებისთვის, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე საკუთარი მთლიანი წლიური ხარჯების 48% გაწია;
წინა წლების მსგავსად, რეკლამის კატეგორიებს შორის ყველაზე დიდ თანხას პარტიები სატელევიზიო რეკლამაზე ხარჯავდნენ, მხოლოდ ერთ პარტიას, ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს, ჰქონდა გარე რეკლამაში უფრო მეტი დახარჯული, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაზე. მმართველი პარტიის მიერ გარე რეკლამაში დახარჯული თანხები ამ ტიპის რეკლამაში სულ დახარჯულის 64%-ს (6,155,608 ლარი) შეადგენდა”, - ნათქვამია TI-ის კვლევაში.
გამჭირვალობა საქართველო გასცემს რეკომენდაციებსაც: კვლევის ავტორების აზრით, უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ექნება. კვლევის ავტორები საუბრობენ აუდიტის სამსახურის არასაკმარის უფლებამოსილებაზე, შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის.