logo
ENG



TI: ოცნების შემომწირველების კომპანიებმა 33,8 მლნ-ის გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს

25 ნოე 202113:57
3 წუთის საკითხავი
clock 1040
TI: ოცნების შემომწირველების კომპანიებმა 33,8 მლნ-ის გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020-2021 წლებში გამარტივებული შესყიდვის გზით 33,8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის.

ორგანიზაციაში აცხადებენ, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4 500-მდე კონტრაქტი გააფორმა გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 125 მლნ ლარამდეა. 33,8 მლნ ლარის კონტრაქტები 31 კომპანიაზე და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 1,1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიაჩნია, რომ გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

"2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. აღნიშნულ კომპანიებს ჯამში 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3,8 მლნ ლარია. კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მათ შორის, 2 კომპანია - შპს ბურღი და შპს ხარისხი 2021 ერთი დღის დაფუძნებული იყო, რომლებმაც ჯამში 243 000 ლარის კონტრაქტები მიიღეს.

TI-ში ამბობენ, რომ ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვს ქვეშ.


close დახურვა