logo
ENG



TI: ოცნების შემომწირველთა უმეტესობა ღვინის ან ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებთანაა კავშირში

15 ნოე 202313:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/15/qjo1lg7z3i78fqk.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პოლიტიკური პარტიების მიერ 2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მიღებული შემოწირულებების სტატისტიკას აქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოკვეთილი ტენდენციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართული ოცნების შემომწირველები, რომელთა ნახევარზე მეტი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები არიან - მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალი წელია სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, შეღავათიან სესხებს თუ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს იღებს. გარდა ამისა, შემოწირულებების ნაწილი აჩენს ეჭვს, რომ ის ფიქტიური დონორების მეშვეობით არის განხორციელებული, რაც კანონის დარღვევაა.

შემოწირულებების სტატისტიკა

2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1,901,299 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც ოთხჯერ აღემატება წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს (453,336₾).

პარტიული შემოწირულებების 65% ქართულმა ოცნებამ მიიღო - 1 238 000 ლარი, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა  274 677 ლარით, ხოლო მესამეზე — პარტია ლელო, 186 020 ლარით, ხოლო მეოთხე ადგილზე თაობები საქართველოსთვის 180 000 ლარით.

TI-ის ცნობით, შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 55-ჯერ შეწირეს თანხა, 51 შემოწირულება მიიღო ქართულმა ოცნებამ, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი გაცილებით მაღალია.

ქართული ოცნების შემომწირველთა მიმოხილვა

ორგანიზაციის ცნობით, 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქართულ ოცნების შემომწირველების უმრავლესობა ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

"მეღვინე დონორებმა ჯამში აგვისტო-სექტემბერში 944 000 ლარი შეწირეს ქართულ ოცნებას, ხოლო 2012 წლიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 2 მილიონ ლარზე მეტი აქვთ გაღებული 

შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2013 წლიდან 4  მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2013-2021 წლებში კი 14 მილიონი ლარის შეღავათიანი  აგროკრედიტები, ხოლო 2021-2022 წლებში 17 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია.

მეღვინე დონორთა შემოწირულებები სწორედ 2023 წლის რთველის წინა პერიოდში განხორციელდა, რომლის სუბსიდირებისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 60 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან 15 მათგანია ჩართული რთველის სუბსიდირების პროგრამაში 

საყურადღებოა, რომ მრავალმილიონიანი სუბსიდიების ფონზე შემომწირველებთან დაკავშირებული სულ მცირე სამი კომპანია, ასკანელი ძმები, წინანდლის ძველი მარანი და ქართული ღვინის სახლი2022 წელს იმ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს რუსეთში ექსპორტზე.

ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება საფრთხის შემცვლელია, რადგან რუსეთი ამას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ უკვე გაავრცელა რეკომენდაცია, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ისეთი კომპანიების სუბსიდირება შეწყვიტოს, რომლებიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდიან.

სულ, გასულ კვარტალში ქართულ ოცნების სასარგებლოდ 51 დონორმა 1 238 000 ლარი გაიღო, რაც უფრო მეტია ვიდრე წინა სამ კვარტალში ჯამურად მიღებული შემოწირულებების რაოდენობა — 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე მმართველი პარტიას 22-მა დონორმა ჯამში 778 000 ლარი შეწირა"- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ოცნების დონორების ანალიზმა კვლავ გააჩინა ეჭვი, რომ მათი ნაწილი ფიქტიური შემომწირველია და ისინი პარტიას არა საკუთარ თანხებს, არამედ მათი დამსაქმებელი კომპანიების თანხებს წირავენ.

"სარაჯიშვილის მთავარმა ბუღალტერმა, გიორგი ბუბუტეიშვილმა, ქართულ ოცნებას 15 000 ლარი შეწირა, ამავე კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა, დავით აბზიანიძემ, მმართველ პარტია 35,000 ლარი შეწირა. 30 000 ლარი შეწირა  ქართულ ოცნებას ღვინის კომპანია „ფალავანის“ მთავარმა მეღვინემ, ირაკლი ნანეიშვილმა.

მსგავს ფაქტებზე იყო მოთხრობილი 11 ნოემბერს, ტვ პირველის ეთერში გასულ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი,  რომელიც დამატებით ეჭვებს აღრმავებს, რომ ქართული ოცნების შემომწირველები არღვევენ კანონს და სხვა პირების ნაცვლად წირავენ პარტიას. სიუჟეტში ფიგურირებდა შალვა შარმანაშვილი, რომელიც ადასტურებდა, რომ ის ღვინისმწარმოებელი კომპანიის შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრების ბუღალტერია და რომელმაც პარტიას 60,000 ლარი შეწირა.

ქართული კანონმდებლობით აკრძალულია სხვა პირის მეშვეობით პარტიისთვის თანხის შეწირვა, ასეთი ქმედება პირის შემოწირულების ორმაგი ოდენობით დაჯარიმებით ისჯება"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა