სასამართლოს გადაწყვეტილებაში კორუფციის რისკებზე საუბარი სააპელაციომ ცილისწამებად მიიჩნია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ორგანიზაციის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებაზე და საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს.
კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, 2018 წლის 5 ივლისს მათ გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას იმ კონკრეტული საქმეების ანალიზი წარმოადგენდა, რომლებშიც, ორგანიზაციამ შესაძლო კორუფციის რისკები დაინახა. ანგარიშში ერთ-ერთ ასეთ საქმედ შპს „აკა“-ს პარტნიორებსა (მაკა ასათიანი, ლუიზა თავართქილაძე, სალომე ასათიანი) და დავით ძოწენიძეს შორის არსებული სასამართლო დავაა განხილული.
TI მოვლენებს აღწერს:
"შპს „აკას“ პარტნიორებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს. მოსარჩელეებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ანგარიშში გამოთქმული ამ შეფასებების: „[...] ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“, ცილისმწამებლურად აღიარება მოითხოვეს.
I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით კვლევის სადავო ნაწილში გამოთქმული მოსაზრებები ცილისწამებად არ მიიჩნია. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში არასწორად იყო ფორმულირებული მოთხოვნა, რაც თავშივე გამორიცხავდა მის დაკმაყოფილებას.
II ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე პროცესი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ გადაწყვიტა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება კანონს და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, ასევე აუარესებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს ქვეყანაში:
სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია კვლევაში გაკეთებული ის შეფასება, რომელიც შპს „აკას“ საქმეში სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტებს ეყრდნობოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 1 თვის ვადაში ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალა.
საქმის დეტალები, რომელიც TI-მ შეისწავლა და რომელზე მსჯელობაც ცილისწამებად იქნა მიჩნეული:
შპს „აკას“ პარტნიონერებსა და დავით ძოწენიძეს შორის 2012 წელს სასამართლოში დასრულებული დავა 2016 წელს ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძვლით განახლდა. საქმე ასათიანების ოჯახის მიერ იმ დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე განახლდა, რომელიც დასრულებულ საქმეში უკვე ფიგურირებდა. ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატომ განაახლა მოსამართლემ საქმე ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც საქმისთვის ახალ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა. აღნიშნული შემთხვევა ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. სწორედ, ამ გარემოებების გამო გამოითქვა ეჭვები მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მხრიდან და სწორედ ეს მსჯელობა მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცილისწამებად.
Ti აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად აკრძალა ფაქტებზე დაყრდნობით ნებისმიერი პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება და მათზე მოსაზრებების გამოთქმა. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, გართულდება სასამართლოში სისტემური ხარვეზებისა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ კვლევების ჩატარება, მკვეთრად გაუარესდება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავიანთი ფუნდამენტური, მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლო მხარეს შეცდომის გამოსწორებაში დაეხმარა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ არასწორად ფორმულირებული მოთხოვნა იყო. სააპელაციო სასამართლომ შპს „აკას“ პარტნიორებს ამ მოთხოვნის ფორმულირების შეცვლის შესაძლებლობა მისცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა.
სასამართლომ ცილისწამებაზე მსჯელობისას არ იხელმძღვანელა კანონითა და უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმებით. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას სრული უფლება ჰქონდა, რომ გადაწყვეტილებაზე დაშტრიხვის გარეშე ემსჯელა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ კვლევაში შპს „აკა“ და მისი პარტნიორები იდენტიფიცირებულები იყვნენ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ორგანიზაციამ შეისწავლა, მათ თავად დავის მონაწილე მხარემ მიაწოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია, ჰქონდეს მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული აქტების საზოგადოებისთვის გაცნობის, საზოგადოების მიერ მის საქმეზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა“. საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უპირობოდ დაშტრიხვის წესიც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წინააღმდეგ საფუძველშივე მცდარი და უადგილოა.
სასამართლომ ცილისმწამებლურად მიიჩნია ისეთი მსჯელობა, რომელიც კვლევაში განვითარებული საერთოდ არ ყოფილა და თავად სასამართლოს ინტერპრეტაციაა.
სასამართლოს განმარტებით, კვლევის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ „მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მათი კორუფციული გარიგების გამო“. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მსგავსი მტკიცება კვლევის არცერთ ნაწილში მოყვანილი არ ყოფილა.
სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოდავე მხარის სიტყვიერი განცხადების საფუძველზე დაადგინა, რომ ანგარიშში გამოთქმულმა მოსაზრებებმა მხარეს ზიანი მიაყენა.უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ზიანის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებები არის საჭირო, რაც სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
სახალხო დამცველმა ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (amicus curiae) უზენაეს სასამართლოს მიმართა. სახალხო დამცველის პოზიციით, ორგანიზაცია კვლევის გამოქვეყნებისას, რომელშიც ცალკეულ საქმეებში მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების რისკებზეა საუბარი, მოქმედებდა მისთვის გაეროს 1998 წლის დეკლარაციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში. შესაბამისად, „იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო წინამდებარე საქმის განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ანგარიშში ასახული სადავო გამონათქვამები ცილისმწამებლურია და არსებობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, იგი ამავდროულად ჩაერევა უფლებადამცველი ორგანიზაციის და მასში დასაქმებული პირების მხრიდან უფლებადამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.“
TI-ის განცხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ბუნდოვანი არგუმენტაცია და პროცედურული დარღვევები, წარმოშობს კითხვებს დავის ობიექტურ განხილვასთან დაკავშირებით.
ამ გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, მკვეთრად გაუარესდება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატის შემადგენლობის ორი მოსამართლე გენადი მაკარიძე და მერაბ ლომიძე დღეის მდგომარეობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ობიექტურად შეფასდება ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლო შეინარჩუნებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მის მიერვე დადგენილ მაღალ სტანდარტს.