logo
ENG



TI: სავარაუდო კორუფციის 144 შემთხვევაში, სულ მცირე, 160 თანამდებობის პირი მონაწილეობს

27 სექ 202317:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/zjjc9rabgcv5ded.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, სავარაუდო კორუფციის 144 შემთხვევაში, 166 მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობს. მათ შორის 13 მოსამართლე, 27 პარლამენტის წევრი, 28 მთავრობის წევრი, ან მისი მოადგილე და 53 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირია.

ორგანიზაცია მსგავსს სიებს პერიოდულად აქვეყნებს. TI მიუთითებს, რომ ამ კუთხით, საქართველოში არსებული ვითარება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით ხასიათდება.

"სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – "სახელმწიფოს მიტაცების" ფორმა მიიღო", - აცხადებენ ისინი.

TI-ში განმარტავენ, მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, ასევე, საერთაშორისო შეფასებები, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, გამომძიებელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევების სულ უფრო მზარდი რაოდენობა მიუთითებს.

"საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ", - წერს TI.

განხილულ 144 საქმეში მოხვდა ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების საკითხი, ღარიბაშვილის ცოლის დაბადების დღის ძვირადღირებული წვეულება, აშშ-ის მიერ სანქცირებული, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ქონება და სხვა.


close დახურვა