საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ცნობით, სენაკზე მუსიკალურ კლიპს იღებენ, რომელშიც, ძირითადად, მონაწილებას სამთავრობო მედია იმედის გადაცემა ღამის შოუს წარმომადგენლები იღებენ. კლიპზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება.
პროექტზე მომუშავე 7 ადამიანიდან 5 იმედის თანამშრომელია.
ორგანიზაციის ცნობით, მუნიციპალიტეტმა კლიპის გადაღების მომსახურება 2023 წლის 25 დეკემბერს გამარტივებული წესით შპს 20 Steps Production-ისგან შეისყიდა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ვლადიმერ კაჭარავაა.
მათი ინფორმაციით, კომპანია მხოლოდ გამარტივებულ შესყიდვებს იღებს. მას დღემდე 923 872 ლარის ჯამური ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. აქედან, 710 640 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან 2020-2022 წლებში გააფორმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიაჩნია, რომ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა კონკურენციის არსებობას გამორიცხავს და კორუფციულ რისკებს ზრდის.
"მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ამ გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილობა. ასევე, მოვუწოდებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.