საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) საარჩევნო პროცესებს განცხადებით ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ დღის განმავლობაში 150-მდე დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 35 საჩივარი დაწერეს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნები დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, უფრო მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა.
"ზოგიერთი უბნის გარეთ დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გლდანის, მარნეულის და ზუგდიდის საარჩევნო ოლქები. საარჩევნო უბნების გარეთ ხდებოდა კოორდინატორების და აქტივისტების მობილიზება, რაც ხშირ შემთხვევაში დაძაბულობის საფუძველი ხდებოდა. დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, ასევე, მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის შემთხვევებს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც TI-ში აცხადებენ, რეგიონებში საარჩევნო უბნებზე ხშირი იყო კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები.
"მედია საშუალებების მიერ ვრცელდებოდა კადრები, სადაც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვა იყო აღბეჭდილი. უბნების უმრავლესობაში იკვეთებოდა კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევა. ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლებს არ სთხოვდნენ პირბადის დროებით მოხსნას მათი იდენტიფიცირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.