არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებენ, რომ ქართული ოცნება პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. კერძოდ საუბარია პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტაზე.
7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის - უფლებამოსილების შეწყვეტას. კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ ლელო პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში.
TI და ISFED აცხადებენ, რომ ჯაფარიძისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი, ერთ-ერთ საფუძვლად კი მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.
"საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
რაც შეეხებათ ხოშტარიასა და ნათელაშვილ მანდატის გაუქმების საფუძველად განიხილება არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა. ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა.
ამ დროისთვის კი შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. TI-ისა და ISFED-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას ოპოზიციის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში საპარლამენტო კონტროლი კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.
"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი კონტროლის თვალსაზრისით არაეფექტურობით გამოირჩეოდა, მათ შორის პანდემიის მართვის მიმართულებითაც. ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ბოიკოტი კიდევ უფრო ასუსტებდა საკანონმდებლო ორგანოს და აღრმავებდა პოლიტიკურ კრიზისს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს. ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.
არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ასევე მოვუწოდებენ, პარლამენტს დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც "პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება".