საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შერჩევითი სამართალი მოქმედებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში მიაჩნიათ, რომ მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში.
"შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
NGO-ში აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ანტისაოკუპაციო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლისას დაზარალდა 40-მდე ჟურნალისტი და რამდენიმე ასეული მოქალაქე და მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ძირითადად მხოლოდ დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იმოქმედა, რაც შერჩევით მიდგომებსა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს.
"ამის პარალელურად, 2019 წლის 25 ივნისს, პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით მიმართა. გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი წინადადება შაბლონურად გამოიყურებოდა და არ იყო საკმარისად დასაბუთებული. დოკუმენტის შაბლონურობაზე ისიც მიანიშნებდა, რომ მასში პროკურატურის არგუმენტების გასამყარებლად მოყვანილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არარსებული საქმე", - აცხადებენ NGO-ში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პატიმრობის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეების არარსებობის პირობებში კი, პროკურატურა კანონით არ არის შეზღუდული, უარი თქვას პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვაზე.
"პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები", - აცხადებენ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში.
NGO-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო მმართველ პარტიას მოუწოდებს გაიზიაროს პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები და არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან, "ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია".
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა.
პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უკვე მეორედ განიხილავს. 2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა იმავე - 20-21 ივნისის საქმეზე იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა.